McDonald’s საქართველო ბაზარზე მომხმარებლის გამოცდილების მაღალი სტანდარტით არის ცნობილი. თუმცა კომპანიისთვის არანაკლებ პრიორიტეტულია ის გამოცდილებაც, რომელსაც თანამშრომლები ყოველდღიურ სამუშაო ურთიერთობაში იღებენ. დღეს McDonald’s საქართველო 28 რესტორანსა და 2 500-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
წელიწადში, საშუალოდ, ორი ახალი რესტორანი იხსნება, რაც თითოეულ ლოკაციაზე 70–80 ახალ სამუშაო ადგილს ქმნის. ასეთ მასშტაბზე ოპერირება სისწრაფეს, მოქნილობასა და პროცესების მაქსიმალურ გამარტივებას მოითხოვს. სწორედ ამ საჭიროებამ მიიყვანა კომპანია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე, ადმინისტრაციული და HR პროცესების გაციფრულებამდე.
Signify-ს პლატფორმის დახმარებით McDonald’s საქართველომ HR დოკუმენტბრუნვა ტრადიციული, ქაღალდზე დამყარებული ბიუროკრატიული მოდელიდან თანამედროვე ციფრულ ეკოსისტემაში გადაიყვანა. Signify-ს დანერგვის გზასა და შედეგებზე McDonald’s საქართველოს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ ლაზარაშვილი გვესაუბრა.

რა გამოწვევები არსებობდა გაციფრულებამდე?
როგორც მარიამი განმარტავს, გადაწყვეტილება რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა. McDonald’s საქართველოში ძლიერი შიდა დაწინაურების კულტურა დიდი ხანია ფუნქციონირებს. ახალი რესტორნების გახსნისას ან არსებული ლოკაციების გაფართოებისას, მენეჯერული პოზიციები შიდა გუნდიდან ივსება, რაც თანამშრომლების აქტიურ გადაადგილებასა და პოზიციების ცვლილებას ნიშნავს.
ამასთან ერთად, მზარდია მოთხოვნა ახალ თანამშრომლებზე: ერთი მხრივ, ახალი ფილიალების გასახსნელად, ხოლო მეორე მხრივ, არსებული თანამშრომლების გრაფიკისა თუ პოზიციების ხშირი ცვლილებების გამო. ბევრი თანამშრომელი პარალელურად სწავლობს, რაც HR პროცესებში კიდევ უფრო მეტ მოქნილობას საჭიროებს.

შედეგად, დოკუმენტბრუნვა HR დეპარტამენტში ყოველთვის მაღალი იყო: ახალი თანამშრომლების ხელშეკრულებები, შიდა პოზიციის ცვლილებები, ხელფასის მატება თუ დაწინაურება, ყველა ეს პროცესი თითოეულ რესტორანში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
აქამდე ეს ყველაფერი სრულად ქაღალდზე იყო დაფუძნებული. დოკუმენტები რამდენიმე ეგზემპლარად იბეჭდებოდა, საჭირო იყო მათი ფიზიკურად გადაცემა და ხელმოწერის შეგროვება. ხანდახან თანამშრომლებს დოკუმენტის დაბრუნება ავიწყდებოდათ, რაც პროცესს კიდევ უფრო აჭიანურებდა.
სირთულეს ქმნიდა ფილიალებს შორის ხშირი როტაციებიც. ერთი რესტორნიდან მეორეში გადაყვანისას თანამშრომლის პირადი საქმე ფიზიკურად, დაცული კაბინეტიდან დაცულ კაბინეტში გადაჰქონდათ.
როგორ მივიდა კომპანია Signify-მდე?
ამ გამოწვევების ფონზე, ადამიანური რესურსების გუნდმა ციფრული ტრანსფორმაციისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა და ყურადღება ელექტრონულ ხელმოწერებზე გაამახვილა.
გადამწყვეტი ფაქტორი თანამშრომელთა გამოცდილების (Employee Experience) გაუმჯობესება იყო. McDonald’s საქართველო მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტებით , მომსახურების კიოსკებითა და მობილური აპლიკაციით, უკვე დიდი ხანია გამოირჩევა. კომპანიის ხედვა მარტივია: იგივე თანამედროვე, სწრაფი და ხელშესახები გამოცდილება თანამშრომლებსაც უნდა ჰქონდეთ.
Signify-ს დანერგვა Employer Branding სტრატეგიის ბუნებრივი გაგრძელება გახდა. კომპანიას უკვე ინტეგრირებული ჰქონდა თანამშრომლების გრაფიკის მართვის ინოვაციური ციფრული პლატფორმა, რომელიც ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ და მოქნილ სამუშაო პროცესს უზრუნველყოფს. ელექტრონული ხელმოწერების დამატებამ კი მიზნად დაისახა ადმინისტრაციული რუტინის, დოკუმენტების გაცნობისა და ფიზიკური ხელმოწერის, სრულად განახლება.
დანერგვის პროცესი და პრაქტიკული ტესტირება
Signify-ზე გადასვლამდე McDonald’s საქართველოს შიდა ინტრანეტზე უკვე არსებობდა დოკუმენტების შაბლონების ფართო ბაზა. თუმცა ციფრულ ფორმატზე სრულფასოვანი გადასვლისთვის მათი ოპტიმიზაცია გახდა საჭირო.
Signify-ს „ჭკვიანი ველების“ ფუნქციონალმა პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა, შაბლონში ერთხელ შეტანილი მონაცემი ავტომატურად ვრცელდება მთელ დოკუმენტზე. ამგვარად, ხელით ფორმატირება და ერთი და იმავე ინფორმაციის განმეორებით შეყვანა წარსულს ჩაბარდა.

განახლებული შაბლონები HR დეპარტამენტმა თემატურად დააჯგუფა და შესაბამის გუნდებს გაუზიარა. შემდეგი ეტაპი პრაქტიკულ სამუშაო შეხვედრებს დაეთმო. ათკაციან ჯგუფებში ჩატარებულ ვორქშოპებზე რესტორნის დირექტორებმა და მენეჯერებმა რეალურ სცენარებზე გატესტეს სისტემა, როგორც დოკუმენტის ინიციატორის, ისე მიმღები მხარის როლში.
შიდა ტესტირების დასრულების შემდეგ, მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით, პროცესი კიდევ უფრო დაიხვეწა. პირველი ოქტომბრიდან Signify ოფიციალურად ჩაეშვა და სისტემაზე ქსელში არსებული ყველა რესტორანი ერთიანად გადავიდა.
შედეგი: როგორ გაიზარდა ეფექტურობა?
ცვლილება თანამშრომლებმა პირველივე ეტაპზე დადებითად მიიღეს. McDonald’s-ის მოქნილი სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, ბევრი თანამშრომელი იმ საათებში მუშაობს, როცა ადმინისტრაცია ადგილზე არ არის. ადრე დოკუმენტებზე ხელმოწერა დამატებით სირთულეს წარმოადგენდა, დღეს კი ეს ბარიერი სრულად მოხსნილია.
თანამშრომლები დოკუმენტებს ელექტრონულად იღებენ და ხელმოწერას დროისა თუ ადგილის შეზღუდვის გარეშე ახორციელებენ. მათ მუდმივი წვდომა აქვთ საკუთარ ხელშეკრულებებზე, რაც HR-ის ჩართულობის გარეშე გადაამოწმების შესაძლებლობას აძლევთ.
„დოკუმენტაციასთან მუშაობა ყოველთვის რუტინასთან ასოცირდება. Signify-მ ეს პროცესი იმდენად სწრაფი და მარტივი გახადა, რომ თანამშრომლებისთვის დისკომფორტი პრაქტიკულად გაქრა.“
პარალელურად, საგრძნობლად დაჩქარდა ადმინისტრაციული პროცესებიც, გაიზარდა კონტროლის სიზუსტე, გაქრა ფიზიკური არქივების საჭიროება და შემცირდა ადამიანური შეცდომის რისკი.
ციფრებიც თავად საუბრობს სისტემის წარმატებაზე: დღეს Signify-ს საშუალებით თვეში საშუალოდ 1 000-ზე მეტი დოკუმენტი ციფრულად მუშავდება და იწერება ხელი.
მომავალი ნაბიჯები
McDonald’s საქართველომ Signify-ს ეტაპობრივი მასშტაბირება სხვა დეპარტამენტებშიც დაგეგმა. ასევე, ადამიანური რესურსების მიმართულებით დარჩენილი ყველა მცირე დოკუმენტაცია ეტაპობრივად სრულად ციფრულ სივრცეში გადაინაცვლებს.



