ელექტრონული ხელმოწერის იურიდიული ძალა: რატომ არის ის უფრო სანდო, ვიდრე კალმით შესრულებული?

ციფრულ ეპოქაში, სადაც ბიზნეს პროცესები სულ უფრო მეტად გადადის ონლაინ სივრცეში, ბევრისთვის კვლავ აქტუალურია კითხვა: რამდენად იურიდიულად გამართლებულია ელექტრონული ხელმოწერა? ხომ არ სჯობს, კვლავ ტრადიციულ, კალმით შესრულებულ ხელმოწერას ვენდოთ? 

სინამდვილეში, თანამედროვე ტექნოლოგიები და კანონმდებლობა ელექტრონულ ხელმოწერას არა მხოლოდ ქაღალდის ანალოგის ტოლფას, არამედ ბევრად უფრო დაცულ და სანდო ინსტრუმენტად აქცევს. მოდი, დეტალურად განვიხილოთ, რატომ.

image

იდენტიფიკაცია: ზუსტად იცი, ვინ აწერს ხელს 

ფიზიკური ხელმოწერის გაყალბება, სამწუხაროდ, რთული არ არის და მის ნამდვილობას ხშირად მხოლოდ ძვირადღირებული გრაფოლოგიური ექსპერტიზა ადასტურებს. 

ელექტრონული ხელმოწერა კი ამ რისკს პრაქტიკულად ნულამდე ამცირებს.

  • იდენტიფიკაცია: ელექტრონული ხელმოწერა მოითხოვს პიროვნების უტყუარ იდენტიფიკაციას, ხშირად პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით.
  • კრიპტოგრაფიული დაცვა: სპეციალური დაშიფვრის (კრიპტოგრაფიის) და სანდო სერვის-პროვაიდერების მიერ გაცემული ციფრული სერტიფიკატების დახმარებით, ხელმოწერა უნიკალურად უკავშირდება კონკრეტულ პიროვნებას, რაც მის კოპირებას ან გაყალბებას თითქმის შეუძლებელს ხდის.
  • ოფიციალური დროის შტამპი (Time Stamp): ეს არის დამოუკიდებელი, სანდო წყაროს მიერ დამოწმებული ციფრული „ბეჭედი“, რომელიც ადასტურებს ხელმოწერის ზუსტ დროსა და თარიღს (წამების სიზუსტით).

Signify-ს პლატფორმით დოკუმენტის გაგზავნისას შეგიძლია გამოიყენო დამატებითი ავტენთიფიკაციის მეთოდები - მობილურის ნომრით, ვიდეო ფორმატში ან კვალიფიციური ელ. ხელმოწერა. 

ამასთან, ჩვენ ვიყენებთ GlobalSign TSA-ს დროის შტამპს, რომ შევძლოთ მესამე მხარეზე დაყრდნობით, ნებისმიერ დროს დავამტკიცოთ თუ როდის მოხდა დოკუმენტის ხელმოწერა.

image

დოკუმენტის მთლიანობა: გარანტია იმისა, რომ არაფერი შეცვლილა 

ხელმოწერილ ფიზიკურ დოკუმენტში ცვლილების შეტანა (მაგალითად, სიტყვის ან ციფრის წაშლა/ჩამატება) ისეა შესაძლებელი, რომ ერთი შეხედვით ვერავინ შეამჩნიოს. 

ელექტრონული დოკუმენტის შემთხვევაში ეს გამორიცხულია. 

  • "ციფრული ბეჭედი": ელექტრონული ხელმოწერა დოკუმენტს ერთგვარ ციფრულ ბეჭედს ასვამს. დოკუმენტში თუნდაც ერთი სიმბოლოს შეცვლის შემთხვევაში, ხელმოწერა ავტომატურად ბათილდება. ეს იმის გარანტიაა, რომ შენ ზუსტად იმ ვერსიას ხედავ, რომელსაც ხელი მოეწერა. 
  • ჰეშინგი (Hashing): ხელმოწერისას დოკუმენტი გადის "ჰეშირების" პროცესს და იქმნება მისი უნიკალური ციფრული ანაბეჭდი. ეს ანაბეჭდი ხელმოწერის ნაწილი ხდება. თუ დოკუმენტი შეიცვლება, შეიცვლება მისი ანაბეჭდიც, რაც მანიპულაციაზე მყისიერად მიუთითებს.

უტყუარი მტკიცებულება: ყველა მოქმედება აღრიცხულია 

წარმოიდგინე, რომ ფიზიკურ ხელმოწერას ჰყავს უხილავი მოწმე, რომელიც ყველაფერს იწერს. ელექტრონული ხელმოწერისას სწორედ ასე ხდება. 

  • მტკიცებულების რეპორტი (Audit Trail): სპეციალური პლატფორმები ინახავს დეტალურ ინფორმაციას ხელმოწერის პროცესის შესახებ: ზუსტი დრო, თარიღი, ხელმომწერის IP მისამართი, გამოყენებული მოწყობილობა და გეოლოკაციაც კი. სასამართლო დავის შემთხვევაში, ეს მონაცემები უძლიერეს მტკიცებულებათა ბაზას ქმნის, რისი ანალოგიც ფიზიკურ ხელმოწერას უბრალოდ არ გააჩნია.

დღესდღეობით უკვე არსებობს პრაქტიკები, სადაც Signify-ს მტკიცებულების რეპორტი სასამართლომ როგორც მტკიცებულებად მიიღო.

image

გაძლიერებული კონფიდენციალურობა 

უჯრაში შენახული ფიზიკური დოკუმენტი, შესაძლოა, არასასურველი პირის ხელში აღმოჩნდეს. ციფრული დოკუმენტი კი დაცულია წვდომის კონტროლის მექანიზმებით და მისი ნახვა მხოლოდ იმ პირებს შეუძლიათ, ვისაც ამის უფლება აქვს. ეს შენი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დამატებითი გარანტიაა.

საერთაშორისო აღიარება 

საქართველოს კანონმდებლობა, ისევე როგორც ევროკავშირის (eIDAS) და სხვა განვითარებული ქვეყნების რეგულაციები, სრულად ცნობს ელექტრონული ხელმოწერების იურიდიულ ძალას. ეს მას სანდოს ხდის არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო გარიგებებისთვისაც.

დასკვნა

ელექტრონული ხელმოწერა არ არის უბრალოდ ფიზიკურის ალტერნატივა. ის გაცილებით მაღალი უსაფრთხოების სტანდარტებით, უტყუარი მტკიცებულებებით და მანიპულაციისგან დაცულობით გამოირჩევა. ადამიანს შეუძლია უარყოს საკუთარი ფიზიკური ხელმოწერა, მაგრამ ელექტრონული ხელმოწერის უარყოფა, მისი ტექნოლოგიური და იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია. ციფრულ სამყაროში ბიზნესის წარმოება უსაფრთხოებასა და სანდოობაზე დგას - ელექტრონული ხელმოწერა კი სწორედ ამ ფაქტორებს უზრუნველყოფს.

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ